სამოდელო -ინოვაციური - გაკვეთილის გეგმა ბუნებაში. II კლასი.

სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი
ბუნება
მასწავლებელი
თამარ ნიკოლაძე
ჩატარების ადგილი და თარიღი
სსიპ ქ.თბილისის 202-ე საჯარო სკოლა
16.04.2019.
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი-მე-2 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
7 მოსწავლე.სსსმ მოსწავლე არაა.
წინარე ცოდნა
მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
მოსწავლეებმა იციან,რომ ნაგავი ჩნდება იქ,სადაც ადამიანია.
თემა
„ნაგავი ჩვენს ირგვლივ“
მიზანი
მოსწავლეებმა გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ჯანმრთელობისათვის სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება;სუფთა გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა;გარემოს სისუფთავის დაცვა და ამ მხრივ საკუთარი ქმედების აღწერა.
იმსჯელონ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება.
გაკვეთილის ტიპი
ინოვაციური
შედეგი
შედეგი: ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ბუნ.II.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხეულის და მისი შემადგენელი ნივთიერების/მასალის თვისებების დაკავშირება ამ სხეულის დანიშნულებასთან.
შეფასების ტიპები და მეთოდები:
განმავითარებელი შეფასება(კომენტარის სახით) და განმსაზღვრელი შეფასება (რუბრიკა იხ.ქვ.)
N
აქტივობა
მეთოდი
სასწავლო რესურსები
დრო
1.     
მოსამზადებელი ფაზა:
მასწავლებელი მოსწავლეებს:
-ბავშვებო, უპირველეს ყოვლისა მინდა შეგახსენოთ საკლასო წესები,რომელიც ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ, კერძოდ:
1.   ერთმანეთს ყურადღებით მოვუსმინოთ;
2.   მოსაუბრეს ბოლომდე ვათქმევინოთ სათქმელი;
3.   პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს;
გაკვეთილის დასასრულს შეფასდებით  აქტიურობასა და მონდომებაში.
-დღევანდელი ბუნების  გაკვეთილის თემაა „ნაგავი ჩვენს ირგვლივ“. გაკვეთილის ბოლოს თქვენ გეცოდინებათ, როგორ მოუფრთხილდეთ გარემოს,იმისათვის,რომ ის იყოს სუფთა.
თქვენ უკვე იცით,რომ ნაგავი ჩნდება იქ,სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს,საკვებს,მასალას,რის შედეგადაც რჩება ის,რაც მათ აღარ სჭირდებათ-ნარჩენები.ნარჩენებს ყრიან და ასე გროვდება ნაგავი. ნაგავი წარმოიქმნება ყოველდღიურად,დაუსრულებლად.
მოსამზადებელ ფაზაში მოსწავლეებს შევთავაზებ
აქტივობას„ექსკურსია უკაცრიელ კუნძულზე“, რომელიც გულისხმობს ფანტაზიით დაუსახლებელ კუნძულზე მოხვედრას და რომელსაც ნაგვის მანქანა არ ემსახურება. ამიტომ ადამიანები ნაგავს პირდაპირ გარეთ ყრიან. მოსწავლეები იმსჯელებენ შემდეგ კითხვებზე:
·        სად მიგაქვთ თქვენს სახლში დაგროვილი ნაგავი?
·        როგორი გარემოა ამ კუნძულზე?
·        როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
·        რა არ მოგწონთ იმ გარემოში სადაც ცხოვრობთ?(ბუნებაში დაყრილი ნაგავი არამიმზიდველს ხდის მას)
·        რას მოიმოქმედებდით, თუ გაიგებდით, რომ დანაგვიანების გამო დაავადებების გავრცელებაა მოსალოდნელი, თქვენ კი კუნძულის დატოვება არ შეგიძლიათ?(შესაძლოა,მოსწავლეებს ჰქონდეთ ამ კითხვაზე პასუხი,რომელიც სავარაუდოდ ასეთი იქნება:
-ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით ამოვთხრით დიდ ორმოს და შიგნით ჩავყრით ნაგავს....)
- ნაგავსაყრელში ნებისმიერი ნარჩენის გადაყრა იქნებოდა დასაშვები? მაგალითად საჭმლის ნარჩენები,პლასტმასის ბოთლები,შუშის ბოთლები,თუნუქის ქილები და მაკულატურა ერთად ჩაიყრებოდა თუ მოხდებოდა მათი დახარისხება/გადარჩევა?რატომ?(იმიტომ,რომ ზოგიერთი ნარჩენის ხელახალი გადამუშავებაა შესაძლებელი, თან ნაგავსაყრელი სწრაფად აღარ გადაივსებოდა)
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ ნაწყვეტს ვიდეორგოლიდან „ფარული კამერა, ექსპერიმენტი თბილისის ქუჩებში“. ვიდეორგოლში ერთი ადამიანი საჯაროდ ყრის ნაგავს, რაზეც ხალხს აქვს განსხვავებული რეაგირება.
მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას:
- ოდესმე თუ აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში და როგორ მოქცეულხართ?.
-თქვენ როგორ ფიქრობთ, სჯობს თუ არა მოქალაქეს მივუთითოთ,რომ  ნაგავი ურნაში ჩაყაროს?(დიახ,ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია)
„მომავლის სახელოსნო“(თანამშრომლობითი სწავლება)
·         დიდი ფორმატის ფურცლები,
·         თაბახის ფურცლები,
·         ვიდეორგოლიფარული კამერა, ექსპერიმენტი თბილისის ქუჩებში
12წთ
2.
კრიტიკის ფაზა: კრიტიკის ფაზა გაგრძელდება აქტივობით – „მოწყენილი ხე“. კედელზე გაკრული იქნება დიდი ფორმატის ფურცელზე გამზადებული ხის კონტური. მოსწავლეებს დაურიგდებათ ფოთლების ფორმის ბარათები. მათ უნდა მოიფიქრონ და დაწერონ ის საშიშროებები, რაც გარემოს დანაგვიანებას გვიქადის. თითო ფოთოლზე დაიწერება ერთი საშიშროება. მოსწავლეები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ,რათა ფოთოლზე არ დაიწეროს  ერთი და იგივე საშიშროება მოსწავლეები ფოთლებს მიაკრავენ ხეზე.
 ფოთლები კრიტიკულ პუნქტებად დაჯგუფდება. შემდეგ კი მოსწავლეები ხის კენწეროზე ჩამოკიდებენ იმ საშიშროებებს, რომლებიც ყველაზე მეტად გვიქმნის საფრთხეს და რომელიც სასწრაფოდ გამოსასწორებელია.
კრიტიკის ფაზაში გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას.
კერძოდ,  კლასს ვაძლევ დავალებას, თავად მოახდინონ დასახელებული საშიშროებების რანჟირება.
·         საყოფაცხოვრებო ნარჩენებით წყლისა და ჰაერის დაბინძურება;
·         დანაგვიანებული გარემო დაავადების გავრცელების წყაროა;
·         სანაგვე ურნების არასაკმარისი რაოდენობა;
·         მოსახლეობათა არასაკმარისი ინფორმაციულობა გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
სურათების ჩვენება. კერძოდ, როგორ იქექება ცხოველი ნაგავში; ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს; ჰაერის დაბინძურება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი. ვიმსჯელებთ ვის და რას ელის საფრთხე ასეთ გარემოში? რა საშიშროებების წინაშე დგანან ისინი?
-ბავშვებო, მოდით სურათების მიხედვით ვისაუბროთ  დანაგვიანების სახეებზე და იმ საფრთხეებზე,რომელიც ადამიანებსა თუ ცხოველებს ემუქრებათ.
-თქვენი აზრით,რა ზიანი მოაქვს დანაგვიანებას ადამიანებისათვის?(ბინძურდება ჰაერი,წყალი და შესაძლოა ადამიანი მოიწამლოს კიდეც, გავრცელდეს დააავადებები,შესაძლოა დაბინძურებამ გამოიწვიოს ადამიანთა სიკვდილი)
-რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისათვის?
-შეიძლება თუ არა დაზიანდეს ცხოველი ნაგავში საკვების ძებნის დროს?როგორ?(ჭრილობა მიიღოს თუნუქის კოლოფზე ან გატეხილ მინაზე,გადაყლაპოს პოლიეთილენის ნაგლეჯი, მოიწამლოს,დაავადდეს და სხვა)
-ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
-არის თუ არა დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
·         ხის კონტური,
·         ფორმატის ფურცლები
·         დანაგვიანებული გარემოს ფოტოები.
11წთ
3.
ფანტაზიის ფაზა:
გადავდივართ ფანტაზიის ფაზაში და გონებრივი იერიშით დაიწყება ზემოთ აღნიშნული საშიშროებების აღმოფხვრის გზების ძიება. ამ ეტაპზე აუცილებელია გამოითქვას რაც შეიძლება ბევრი იდეა. შესაძლებელია იყოს უტოპიურიც. ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ იდეების რაოდენობას.
მაგალითად, შეიძლება გამოითქვას შემდეგი იდეები, მათ შორის უტოპიურიც:
-ბავშვებო,ახლა ჩვენს გაკვეთილში მხიარულება შევიტანოთ და  დავიწყოთ ოცნება,თუ რა დაგვეხმარებოდა საშიშროებების დაძლევაში.
·        ნეტავ, ჯადოსნური ცოცხი გვქონდეს, თავისით დაგვიდა ეზოს;
·        ნეტავ, მოსიარულე ნაგვის ურნა გვქონდეს, თვითონ მოაგროვებდა ნაგავს;
·        მონაწილეობის მიღება გარემოს დაცვის აქციებში.
10წთ.
4.
განხორციელების ფაზა:
განხორციელების ფაზაში ერთობლივად ვიმსჯელებთ,თუ პრობლემის მოგვარების რომელი იდეაა რეალური და განხორციელებადი. შესაძლებლობის შემთხვევაში შევიტანთ ცვლილებებს საშიშროებათა აღმოფხვრის იმ გზებში, რომლებიც განხორციელებადს გახდიან მათ. კიდევ უფრო დაკონკრეტდება იდეები და ცალკე ფორმატზე დაფიქსირდება.
-მაგრამ  ჯადოსნული ცოცხსა ,ან ჯადოსნური ჯოხს მართლა შეუძლია ჩვენი დახმარება?
-
-როგორ გგონია,არის თუ არა გარემოზე ზრუნვა თქვენი მოვალეობა?
-პირადად თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად?
-ბუნების დაცვის  რომელი ხერხები ავირჩიოთ? მოდით დავასახელოთ . მე კი ფორმატზე ჩამოვწერ
შესაძლებელია, გამოიკვეთოს პრობლემის მოგვარების შემდეგი გზები:
·         ადამიანებისთვის  ინფორმაციის მიწოდების  მიზნით საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა და გავრცელება;
·         გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნა და მათი თვალსაჩინო ადგილებში გამოფენა
·         უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად ხშირად დასუფთავდეს სკოლის ტერიტორია;
·         აქტივობის მოწყობაჩემი მწვანე მომავალი“, რის ფარგლებშიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება ნერგები. თითო ბავშვი თითო ნერგს დარგავს.
ალტერნატიული (ან დმატებითი)აქტივობა
მოსწავლეებს ვთხოვ,გაიხსენონ მთელი კვირის განმავლობაში საკუთარი ქმედება:
·         მთელი კვირის განმავლობაში პირადად მან დაანაგვიანა,თუ პიქით-იზრუნა გარემოს სისუფთავეზე;
·         სად ყრიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს?
·         შემთხვევით ხომ არ მოექცა გარემოს უდიერად?
10 წთ.
5.
შეჯამება: მოგეწონათ გაკვეთილი?რომელი აქტივობა იყო თქვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო? ვინ იყო ყველაზე აქტიური? რა გაიგეთ ახალი?რის გაგებას ისურვებდით?
1წთ
6.
  შეფასება .
მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების სქემით. შეფასების საგანი იქნება გაკვეთილზე ჩართულობა.
1წთ
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ძალიან კარგია
კარგია
საშუალოა
საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს.
ყოველთვის მონაწილეობს.
ხშირად მონაწილეობს.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
გამართული და სწორი მეტყველება.
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს.
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა.
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება.
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დასრულებას.
არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დასრულებას.

Comments

Popular posts from this blog

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი